გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მოძრაობა უკვე ნებადართულია

კახეთში ისევ გაწვიმდა. სტიქიისაგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოები კი ამ დრომდე გრძელდება. გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელი გზა უკვე გახსნილია და გადაადგილებაც ნებადართულია. მძიმე ტექნიკა მუშაობს სტორის ხეობაში, სადაც მოვარდნილმა წყალმა ორ სოფელს – ფშაველსა და ლალისყურს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. ნაგებობას რკინა-ბეტონის ფილებით გაამაგრებენ.

სპეციალური სამსახურები მუშაობენ სოფლებშიც, სადაც კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა. უკვე დაიწყო სამუშაოები თუშეთის მიმართულებითაც, სადაც უხვი ნალექისგან ჩამოშლილმა მიწის მასამ გზის 150-მეტრიანი ნაწილი დააზიანა. რთულია ვითარება ყვარლის რაიონშიც. ადიდებულმა მდინარე დურუჯმა ახლადგაშენებული ვენახები გაანადგურა. ზარალის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.