გურიაში ძლიერმა ქარმა შენობებს სახურავები ახადა

სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან გურიაში. ძლიერი ქარის გამო, ჩოხატაურში რამდენიმე კერძო სახლი და ადმინისტრაციული შენობა სახურავის გარეშე დარჩა.  ანალოგიური ვითარებაა ლანჩხუთსა და ოზურგეთში.  დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა რამდენიმე სოფელს, პრობლემა ამ დროისთვის უკვე მოგვარებულია.

სამივე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური კომისიები, რომლებიც ადგილზე ეცნობიან არსებულ პრობლემებს. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ოზურგეთის მერის ინფორმაციით, თითოეულ დაზარალებულს შესაბამისი დახმარება გაეწევა.