გურამ დოჩანაშვილი დღეს დაკრძალეს 

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი კლასიკოსი მწერალი დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. მისი დანაბარები შესრულდა – გურამ დოჩანაშვილი საბურთალოს სასაფლაოზე შვილის გვერდით დაკრძალეს.

ამონარიდები და ფრაზები მწერლის ცნობილი და კლასიკად ქცეული ნაწარმოებებიდან დღეს თითქმის ყველამ ზეპირად იცის. მის პიესებზე იდგმებოდა სპექტაკლები და იწერებოდა ფილმის სცენარები. აქტიურ შემოქმედებით საქმიანობამდე იყო მისი, როგორც უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულის და არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის, არქეოლოგიური ექსპედიციები, ანტისაბჭოური პროკლამაციების გამო კი სკოლის პერიოდში პირობითი სასჯელიც ჰქონდა მისჯილი. მისი ცნობილი ნაწარმოების და მალევე ბესტსელერად ქცეული – „სამოსელი პირველის“ გამოცემიდან თითქმის 50 წელია გასული, თუმცა დღემდე ერთ-ერთ ბესტსელერად რჩება. 2014 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „ჩემს წიგნში“ ათასობით მკითხველმა ის ყველა დროის 15 ყველაზე საყვარელ ნაწარმოებს შორის დაასახელა. „ძნელია მაგიდასთან მისვლა, მერე ქაღალდი ყველაფრის ამტანია, როგორც კარგის, ისე – პირიქით”, – ეს არაერთი პრემიის ლაურეატის და თბილისის საპატიო მოქალაქის სიტყვებია. ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ამბობდა, რომ მუშაობდა ტრილოგიის მესამე წიგნზე, რომლის დასრულება ვეღარ მოასწრო.

დატოვე კომენტარი