გურამ დადიანიძის გაუჩინარების საქმე შსს-ს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე გამოძიების ახალ დეტალებს ავრცელებს. შსს აცხადებს, რომ საქმეზე საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები 2014 წლიდან მიმდინარეობს და ინფორმაცია, თითქოს, ამ პერიოდში, შესაბამისი ღონისძიებები არ ტარდებოდა, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყების ცნობით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში 20-ზე მეტი ადამიანი გამოიკითხა და გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მცხეთა-მთიანეთის პოლიციისა და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტების თანამშრომლები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, დღეიდან კიდევ ერთხელ შეამოწმებენ ტერიტორიას, საიდანაც მოწმეთა ჩვენებების მიხედვით, 2014 წლის 11 ივნისს დილის 04:00 საათზე გურამ დადიანიძის კვალი გაქრა. სამძებრო ღონისძიებაში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს 50-მდე თანამშრომელი, რომლებიც ადგილზე შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობითა და სპეციალური საშუალებებით იმუშავებენ.