გულშემატკივარი სტადიონზე ბრუნდება

ეროვნული საფეხბურთო ლიგის მერვე ტურიდან მაყურებელი სტადიონზე დაიშვება. სტადიონზე გულშემატკივართა შესვლა 30 ივლისს დამტკიცებული პროტოკოლის მიხედვით მოხდება. წინასწარ უნდა განისაზღვროს სტუმართა განთავსების ადგილები, ხოლო ღონისძიებაზე დამსწრე პირთა მიერ დაკავებული ადგილების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ადგილების საერთო რაოდენობის 33%-ს. ამას გარდა, აუცილებელია თერმოსკრინინგის ჩატარება და ტერიტორიის სადეზინფექციო საშუალებებით უზრუნველყოფა. სპორტულ ღონისძიებებზე მაყურებლის დაშვების ინიციატივით საქართველოს მთავრობას ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა მიმართა და გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. ფეხბურთის ფედერაციაში ამავე დროს იმედოვნებენ, რომ უეფა მაყურებელს საქართველო-ბელარუსის ერთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაზეც დაუშვებს, რომელიც 8 ოქტომბრისთვისაა დანიშნული.