გრიპის შემთხვევების მატება

სეზონური ვირუსების შემთხვევების მატების ფონზე კლინიკებში მიმართვიანობა იზრდება. ეპიდემიოლოგების ცნობით, ქვეყანაში ძირითადად A ტიპის ვირუსი ცირკულირებს, რომლებსაც ზოგიერთ შემთხვევაში პნევმონიის სახით გართულებებიც ერთვის. ამ მხრივ რისკ-ჯგუფში პირველ რიგში მცირეწლოვნები არიან. სიფრთხილე მართებს ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებსაც. ექიმები A ტიპის ვირუსს ე.წ. ღორის გრიპთან ერთად ე.წ. ჰონგ კონგის შტამსაც მიაკუთვნებენ, რომელიც გაცილებით სწრაფად გადამდებია, თუმცა კლინიკური მიმდინარეობით ე.წ. ღორის გრიპისგან არ განსხვავდება. ეპიდემიოლოგები ვირუსებით ინფიცირების მაჩვენებლის კიდევ უფრო მატებას და პიკურ პერიოდს დეკემბრის ბოლოდან ვარაუდობენ.