სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ფრანგული ვაქცინა უკვე საქართველოშია. ქვეყანაში ოთხკომპონენტიანი პრეპარატის 200 000 დოზა შემოიტანეს. წინა წლებისგან განსხვავებით, პირველივე დღიდან იმუნიზაციის დაწესებულებები ნებისმიერ მსურველს მოემსახურებიან. „ვაქსიგრიპ ტეტრა“ გრიპის ვირუსის იმ შტამებზეა მორგებული, რომელთა აქტიურ ცირკულირებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიმდინარე წელს პროგნოზირებს. ვაქცინაციის პროცესი დღეიდან დაიწყო – წინა წლების სტატისტიკის და დაბალი მიმართვიანობის გათვალისწინებით, ექიმები მოსახლეობას, განსაკუთრებით რისკ-ჯგუფებს, აცრისკენ მოუწოდებენ. ამ ეტაპზე ქვეყანაში რინოვირუსია გავრცელებული. გრიპის ვირუსით ინფიცირების შემთხვევებს ეპიდემიოლოგები ნოემბრიდან ელოდებიან.