გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი

12:22, 21.05.2026

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, სადაც ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი 4 მოწმე დაიკითხება. ისინი ბაგა-ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით ისაუბრებენ. ლილუაშვილს სახელმწიფო ბრალდება რამდენიმე ეპიზოდს ედავება, მათ შორის არის ბაგა ბაღების ეპიზოდი. პროკურატურის თქმით, ლილუაშვილი ქრთამის აღების სანაცვლოდ, თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს მფარველობას უწევდა, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან, ქრთამის სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს იღებდა. სახელმწიფო ბრალდების ამ პოზიციას ეწინააღმდგება დაცვის მხარე და ამბობს, რომ ლილუაშვილს კახა გვანცელაძესთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონია და საქმეშიც არაფერი დევს, რაც ამ ბრალს დაადასტურებს. სუს-ის ყოფილ უფროსს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით ედავებიან. რაც 11-დან 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მსგავსი