გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის საქმის განხილვა გრძელდება. ამ წუთებში იკითხება დაცვის მხარის მოწმე, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი და ასევე ბრალდებული ანდრია ლილუაშვილი. პროკურატურის განცხადებით, სწორედ ანდრია ლილუაშვილი იყო ის ადამიანი, ვინც გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად „ქოლ-ცენტრებს“ მფარველობდა. ადვოკატების ინფორმაციით, ანდრია ლილუაშვილს გრიგოლ ლილუაშვილისთვის ფული არ გადაუცია და მისთვის წარდგენილი ბრალი აბსურდულია. სხდომები უკვე დასკვნით ეტაპზეა და საქმეზე გადაწყვეტილება თვის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს. პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენის მოლოდინშია. შეგახსენებთ, გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით ედება. გამოძიება მას წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება, რაც 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ლილუაშვილი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.