გრიგოლ გეგელიამ კინო „რუსთაველის“ შენობის ფასადის დემონტაჟი გააპროტესტა

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, გრიგოლ გეგელიამ, მხარდამჭერებთან ერთად, კინო „რუსთაველის“ შენობის ფასადის დემონტაჟი გააპროტესტა. გრიგოლ გეგელიას თქმით, რუსთაველის ფასადზე უკვე დაიწყეს ფილების მოხსნა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ საჭიროა კინო „რუსთაველს“ შეუნარჩუნდეს როგორც იერსახე, ასევე მისი ფუნქციაც. აქციას გამოეხმაურა კინო „რუსთაველის“ ხელმძღვანელობა და გავრცელებულ ინფორმაციას, დემონტაჟის შესახებ სიცრუე უწოდა.

არქიტექტორის, დიმიტრი მესიაშვილის განცხადებით, ფასადზე ფილები შენობის ისტორიული კვლევის მიზნით მოხსნეს და სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის ფარგლებში მიმდინარეობს. კინო „რუსთაველში“ ამბობენ, რომ პროექტის სრული ვერსია ჯერ არ არსებობს, თუმცა ის ისტორიულ სახეს და ფუნქციას შეინარჩუნებს.