ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტს, საერთაშორისო სამართლის პრინციპების პატივისცემისკენ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრიც მოუწოდებს. მიზეზი დონალდ ტრამპის განცხადება ხდება, რომლითაც შტატების პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მეორე ვადით არჩევისას გამოთქმული სურვილი კიდევ ერთხელ გაახმოვანა. ტრამპი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება და მასზე კონტროლი უნდა დაამყაროს. დონალდ ტრამპის გზავნილი დანიის პრემიერის შეშფოთების საფუძველიც ხდება. მეტე ფრედერიქსენი ამერიკის ლიდერს მუქარის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და იმ შეთანხმებას ახსენებს, რომელიც დანიის სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაფორმდა. იქცევა თუ არა დონალ ტრამპის მუქარის შემცველი განცხადებები რეალობად – ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გათვალისწინებით ექსპერტებს ამ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა უჭირთ. თუმცა მათი ნაწილი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ტრამპს გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების სურვილი აქვს.