გრატიაშვილის საქმე

თამაზ გრატიაშვილის სიცოცხლის დასაცავად, საია გენერალურ პროკურატურას დაცვის სპეციალური ღონისძიებების გამოყენებისკენ და შესაძლო ზეწოლის ფაქტზე დაწყებული გამოძიების სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის დაქვემდებარებისკენ მოუწოდებს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ რვა ივლისს თამაზ გრატიაშვილს, საცხოვრებელ სახლთან ორი უცნობი პირი ფიზიკურად გაუსწორდა და გაფრთხილება მისცა, რასაც გრატიაშვილი მიმდინარე გამოძიებას უკავშირებს. საია-ში ამბობენ, რომ თამაზ გრატიაშვილი დაზარალებულად ცნობილი ამ დრომდე არ არის. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ  გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით სავარაუდო გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს. რაც შეეხება გრატიაშვილის დაზარალებულად ცნობას და მის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებას, ამ ნაწილში განცხადება საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნა, რადგან ეს საკითხები სწორედ პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ცხრა ივნისს, ფოთში ადმინისტრაციული წესით დააკავეს სოფელ ჭალადიდში მცხოვრები თამაზ გრატიაშვილი. დაკავებულის განმარტებით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და აიძულეს, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი ეღიარებინა. სასამართლომ მას 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.