გორში მფარველი ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ

დღეს გორში მფარველი ხატის დღესასწაულს აღნიშნავენ. ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, ქალაქ გორში, სახალხო დღესასწაული ოქონობა იმართება. ტრადიციულად, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან მსვლელობა მოეწყო ოქონის მშენებარე ტაძრამდე, სადაც საზეიმო წირვა ატენისა და გორის მიტროპოლიტმა აღავლინა.

წირვის დასრულების შემდეგ, მრევლმა, ღვთისმსახურებთან ერთად, გორის ქუჩები მსვლელობით მოიარა. მეუფე ანდრიამ ქალაქი დალოცა და ოქონის ხატს შეავედრა. დღესასწაულის აღნიშვნის ტრადიცია უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა. ხატი თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ის 1991 წელს, ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე იქნა აღმოჩენილი.

როგორც ერის საგანძური, ოქონის სპილოსძვლის სამკარეთი თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება. დღესასწაულის აღნიშვნის მივიწყებული ტრადიცია ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით აღდგა.