გორში ჩატარებული ტენდერები

ანტიკორუფციულ სააგენტოში სარჩელი შეიტანა ორგანიზაცია „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრმა“.

საქმე გორში ჩატარებულ ტენდერებს ეხება. სარჩელში საუბარია პარლამენტში გორის მაჟორიტარ დეპუტატ იოსებ მაკრახიძესა და გორის მერ კონსტანტინე თავზარაშვილს შორის სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 13 საგზაო ტენდერი თითქმის უკონკურენტო გარემოში მოიგო შპს „იბოლიამ“, რომლის 40% წილის მფლობელი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეა. მისი თქმით, ჯამში საუბარია 6 მილიონზე მეტი ღირებულების კონტრაქტებზე, რაც ეჭვს აჩენს გორის მერსა და დეპუტატს შორის შესაძლო გარიგებაზე.

ბრალდებას სიცრუეს უწოდებს დეპუტატი იოსებ მაკრახიძე, რომლის განცხადებითაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა 325 ტენდერი და აქედან  შპს „იბოლიამ“ მხოლოდ ხუთი მოიგო. მისივე თქმით, ტენდერი ელექტრონულად ჩატარდა, რაც კორუფციის არსებობას გამორიცხავს.