გორის საკრებულოს თავმჯდომარის ინტერვიუ 

18:23, 21.08.2025

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები. გორის საკრებულოში საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტს, ასევე მხარს დაუჭერს პარტია „გახარია საქართველოსთვის“. მათ დღეს შესაბამისი განცხადებაც გაავრცელეს.
შეგახსენებთ, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-ს ინტერვიუ მისცა, ერთ-ერთმა ციტატამ კი ინტერვიუდან, – „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“ – პოლიტიკოსების მწვავე რეაქცია გამოიწვია. რაზმაძის ინტერვიუ, ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ სტატიის ნაწილია სათაურით „როგორ დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე“. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა. თავად გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, დღეს „მოამბის“ ზარებს არ უპასუხა, ერთ-ერთი მედიაგამოცემისთვის მიცემულ კომენტარში კი, კატეგორიულად უარყო ინტერვიუში მოყვანილი ციტატის ავტორობა და ფაქტს ცილისწამება უწოდა.

მსგავსი