„ევროპული საქართველო“ დედაქალაქის მთავრობას მიმართავს

საკრებულოს ფრაქცია ევროპული საქართველო დედაქალაქის მთავრობას მიმართავს. გოკა გაბაშვილის განცხადებით, თუ მერია ბიუროკრატიულ ხარჯებზე უარს იტყვის, მომავალი წლის ბიუჯეტში 200 მილიონი ლარის დაზოგვა შეიძლება და ამ თანხით, შესაძლებელია მოქალაქეებისთვის ბევრად მნიშვნელოვანი ინიციატივები განხორციელდეს.

ევროპული საქართველო ოთხი ინიციატივით გამოდის – დედაქალაქში დაახლოებით 203 000 პენსიონერს პენსია  50 ლარით გაეზარდოს; მერიამ საცობების განტვირთვისთვის 100 ახალი ავტობუსი შეიძინოს; საბავშვო ბაღების გადატვირთულობის მოსაგვარებლად, თითო ბავშვზე,  სკოლების მსგავსად, მერიამ 1500-ლარიანი ვაუჩერი შემოიღოს და დედაქალაქში მომუშავე ბიზნესისთვის ქონების გადასახადი 10%-ით შემცირდეს.

ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დღეს განაცხადა, რომ მერია ბიუჯეტის პროექტის ხარჯვით ნაწილში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს, იმისთვის, რომ ეს პროექტი კახი კალაძისა და მისი გუნდის წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას მოერგოს.