გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის მიხედვით, საქართველო რეგიონის ლიდერია. საქართველომ ქულათა ისტორიული მაქსიმუმი აიღო და მსოფლიოში 37-ე ადგილზეა. ამ მაჩვენებლით, ქვეყანა რეიტინგის შვიდწლიანი გაუმჯობესების მიხედვით, მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობის 2020 წლის ინდექსი ტრანს-ეროვნულმა ორგანიზაცია SolAbility-იმ გამოაქვეყნა. საქართველო რეიტინგში უსწრებს ისეთ მოწინავე ეკონომიკებს, როგორიცაა:  ჩინეთი, სინგაპური, ავსტრალია, ისრაელი, საბერძნეთი, მალტა, ჩილე, კვიპროსი.  რეიტინგში საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ბალტიის ქვეყნებს ჩამორჩება.

მდგრადი კონკურენტუნარიანობის ინდექსი აერთიანებს ხუთ აგრეგატში გაერთიანებულ 127 ინდიკატორს და ეფუძნება გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის, USAID-სა და მსოფლიოს სხვადასხვა კვლევითი ცენტრების პროფილურ გამოკვლევებს. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, შეფასების ხუთი აგრეგატიდან ყველაზე მაღალი შედეგი საქართველომ მთავრობის ეფექტიანობის მიმართულებით აჩვენა.