გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში

ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრმა გლობალური გამჭვირვალობის 2023 წლის ანგარიში „გამჭვირვალობა ომის დროს“ გამოაქვეყნა. 2023 წლის გამჭვირვალობის ინდექსის მიხედვით, საქართველო 54-ე ადგილიდან მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში, მე-17 ადგილზე დაწინაურდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველო მსოფლიოს გამჭვირვალობის რეიტინგში უსწრებს ევროკავშირის წევრ 15 და დიდი შვიდეულის წევრ ოთხ სახელმწიფოს, ამასთან უთანაბრდება ისეთ მოწინავე ქვეყნებს, როგორებიცაა ფინეთი, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი. ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის განმარტებით, „ანგარიში იკვლევს მთავრობის გამჭვირვალობის ამჟამინდელ მდგომარეობას მთელ მსოფლიოში, სთავაზობს რეალურ გამჭვირვალობის ზომას 143 ქვეყნისთვის. ინდექსის შეფასების ქულა ზომავს ფაქტებით და არა აღქმით, მანძილს, თუ სად არის ქვეყანა და სად უნდა იყოს ის რეალურ გამჭვირვალობაზე ანგარიშვალდებულებისთვის მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის და გაერო-ს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციის კრიტერიუმების გამოყენებით“.

რაც შეეხება ევროპის ანტიკორუფციული ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ „სახელმწიფოს კეთილსინდისიერების ინდექსს“, ის უცვლელი დარჩა და საქართველო 6,72 ქულით მსოფლიოში 32-ე ადგილზეა. კვლევის მიხედვით, საქართველო სახელმწიფო სექტორის კეთილსინდისიერებით აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ ადგილზეა, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება და ყველა დანარჩენს უსწრებს.

ინდექსი აფასებს კორუფციის კონტროლის დონეს ქვეყანაში. ანგარიში ეყრდნობა გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, სხვა საერთაშორისოდ აღიარებული სუბიექტების, გლობალური შემფასებელი ორგანიზაციების პროფილურ კვლევებსა და ანგარიშგებებს.