გივი მიქანაძის განცხადება

21:11, 30.05.2025

„ტაბულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას მმართველი გუნდი დეზინფორმაციად აცხადებს. ონლაინ გამოცემამ დაწერა, რომ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის გაზაფხულის სესიაზე, რომელიც აშშ-ს ქალაქ დეიტონში გაიმართა, საქართველო-NATO-ს პარლამენტთაშორის საბჭოს მუშაობა შეუჩერდა. ამასთან, „ტაბულას“ ინფორმაციით, ასამბლეის მუდმივმოქმედი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ოპოზიციის მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტის გამო, პლენარულ სესიაზე შეიზღუდა საქართველოს წარმომადგენლობის მონაწილეობაც. გავრცელებულ ინფორმაციას გივი მიქანაძე გამოეხმაურა. ის ქართული დელეგაციიდან ერთ-ერთია, რომელიც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მონაწილეობდა. როგორც უმრავლესობის დეპუტატი აცხადებს, „ასამბლეაში ქართული დელეგაციის მონაწილეობა და თანამშრომლობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. სიცრუის ტირაჟრება, კი სწორედ წარმატებულ ვიზიტს უკავშირდება“.

მსგავსი