ვინ გადაიხდის გირაოს და ვინ არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას – საკითხი ოპოზიციურ სპექტრში უთანხმოების კიდევ ერთი თემაა. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მედიასთან დაადასტურა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოს გადახდას აპირებს. მისგან განსხვავებით გირაოს თანხის გადახდის არ აპირებს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომლის პროცესი დღესაა ჩანიშნული. აღნიშნულ საკითხს აფასებენ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. თბილისის პროკურატურამ პოლიტიკოსის წინააღმდეგ საქმე კომისიის მიმართვის საფუძველზე აღძრა.