გირაოს გადაუხდელობა – შეფასებები
საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო გირაოს შეფარდებას, გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში კი – დაკავება, რომ არაა პოლიტიკური დევნა, არამედ სამართლებრივი პროცედურაა, მმართველი გუნდი წარსული გამოცდილებითა და სტრასბურგის სასამართლოს მიერ, 2023 წელს ნიკა მელიას საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით ასაბუთებს.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წევრები, სტრასბურგის გადაწყვეტილების გახსენებით, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის, თუ საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსის ნაწილის კრიტიკას პასუხობენ. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ როდესაც ზოგიერთი ელჩი, თუ დასავლელი პოლიტიკოსი, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების დევნაზე საუბრობს, უმჯობესი იქნება გაიხსენონ ის გადაწყვეტილება, რომელიც ორი წლის წინ სტრასბურგმა ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიიღო და თქვა, რომ მელიას დაკავებაც და მისი შემდგომი პატიმრობაც, ევროპული კონვენციის შესაბამისი იყო და არანაირ პოლიტიკურ მოტივს ამ საქმეში ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა და ის ნებისმიერ პოლიტიკოსზე ვრცელდება, რომელიც უარს იტყვის სამართლებრივი მოთხოვნების აღსრულებაზე.