პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებისა და გირაოს არგადახდის გამო, ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ განხილვის საგანია. ოპოზიციის ნაწილი პოლიტიკურ დევნაზე მიუთითებს. ხელისუფლების ოპონენტები საგამოძიებო კომისიის არალეგიტიმურობაზე ამახვილებენ ყურადღებას და ნაწილი მათგანი გირაოს გადახდის საკითხსაც განსხვავებულად უყურებს. ოპოზიციური სპექტრის მეორე ნაწილი კი – პოლიტიკოსების თანმიმდევრულობის ნაკლებობას უსვამს ხაზს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მათივე განმარტებით, ოპოზიციას მხოლოდ სპონტანური ტაქტიკურო სვლები გააჩნია. ამასთან ერთად, პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ სასამართლო დარბაზში მომხდარ ინციდენტსაც, როდესაც ნიკა მელიამ მოსამართლეს წყალი შეასხა.