გიორგი ვაშაძის განცხადება - ოპოზიციის გეგმები

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს ერთობისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისკენ მოუწოდებს. გიორგი ვაშაძის განმარტებით, ქვეყნის გადარჩენის ერთადერთი გზა სწორედ პოლიტიკურ ერთობაშია, რომელიც რეჟიმს დაუპირისპირდება. მისივე თქმით, ახლა პარტიული ბრძოლების დრო არ არის.

გიორგი ვაშაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების ნაწილი იზიარებს, თუმცა, მაგალითად, „გახარია საქართველოსთვის“ წევრები თვლიან, რომ ახლა ყველაზე მთავარი პოლიტპატიმრების გათავისუფლება და „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლის გაძლიერებაა.

მმართველ გუნდში კი ოპოზიციას კვლავ კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობად“ მოიხსენიებენ და განმარტავენ, რომ არ აქვს მნიშვნელობა, გაერთიანდებიან თუ არა ისინი ერთი ნომრის ქვეშ, რადგან ამით მათი მხარდამჭერების რაოდენობა არ შეიცვლება.