გიორგი ვაშაძე წულუკიანს უწყებათაშორის საბჭოზე პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს

პოლიტიკური გაერთიანების “ძალა ერთობაშია” შტაბის ხელმძღვანელი იუსტიციის მინისტრს უწყებათაშორის საბჭოზე პოლიციური რეჟიმის ჩამოყალიბებაში ადანაშაულებს. გიორგი ვაშაძის თქმით, კომისიის სხდომაზე მისულ სუბიექტებს თეა წულუკიანმა დაცვის წევრები დაახვედრა, რომლებიც მათ დარბაზში მობილური ტელეფონების შეტანის საშუალებას არ აძლევდნენ. თუმცა, როგორც ვაშაძე აცხადებს, სხდომაზე ტელეფონები მაინც აღმოჩნდა და ისინი “ქართული ოცნების” დეპუტატებს ჰქონდათ.

გიორგი ვაშაძემ კომისიის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების არდაშვების საკითხიც გააპროტესტა. მისი აზრით, უწყებათაშორისი კომისიის სხდომა პირდაპირ ეთერში უნდა გადაიცემოდეს.

გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიუხედავად კანონდარღვევებისა, ოპოზიცია უწყებათაშორისი კომისიის სხდომებზე დასწრებას მაინც აპირებს. ვაშაძის თქმით, ისინი არ მისცემენ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალებას.