გიორგი შენგელაია პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინეს

რეჟისორი გიორგი შენგელაია საინიციატივო ჯგუფმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარადგინა. რეჟისორი და საინიციატივო ჯგუფის წევრები დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მივიდნენ და შესაბამისი განაცხადი შეიტანეს.

„მყავს საინიციატივო ჯგუფი პეტრე მამრაძის ხელმძღვანელობით, რომელიც იყო ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიას კანცელარიის უფროსი; ცნობილი დოკუმენტალისტი გია ჭუბაბრია; დირიჟორი ავთო მამაცაშვილი, რომელმაც ჩაწერა „ვერის უბნის მელოდიები“, ასევე კინოწარმოების ოპერატორი ნუგზარ ნოზაძე და ჩემი ყველაზე ახლობელი მეგობარი ირაკლი მელაძე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

გიორგი შენგელაია, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, პენსიების გაზრდის დაპირებას იძლევა.

მისი თქმით, კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ ქვეყანას უჭირს.

„ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ძალიან უჭირს ქვეყანას. ამავე დროს, ძალიან არ უჭირს, რომ არ იყოს ეს მინისტრთა კაბინეტი და არეულ-დარეული პოლიტიკური სპექტრი, ასე არ გაუჭირდებოდა. მინისტრთა კაბინეტის დანამატები ვიანგარიშე და ეს იმის ნახევარია, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰპირდება მოსახლეობას პენსიების მომატებაზე. ვაპირებ, დავამატო იმდენი, რასაც იმათ გამოვართმევთ. ეს ძალიან ადვილი საქმეა. თუ მოვიგე, პირველი ჩემი ბრძანებულება იქნება პენსიის გაზრდა ამ დანამატის ხარჯზე“, – განაცხადა გიორგი შენგელაიამ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება.