ქართველი სპორტსმენის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება.
ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობის აღმოჩნდა მონტონეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი ქართველი ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა. პირველი ადგილი და საქართველოს ჰიმნი პოდგორიცაში: ფინალურ ორთაბრძოლაში ქართველი ძიუდოისტის მეტოქე ნეიტრალური დროშით მოასპარეზე რუსი სპორტსმენი აიუბ ბლიევი იყო, რომელიც სარდალაშვილმა დამატებით დროში იუკოთი დაამარცხა. პოდგორიცაში ჩემპიონატი დღეს დაიწყო – ეს არის პირველი ოქროს მედალი საქართველოს ნაკრებისთვის. ევროპის პირველობაზე დღეს ასევე იასპარეზეს ვაჟა მარგველაშვილმა, თემურ ნოზაძემ და ჯულიეტა როდონაიამ, რომლებმაც ასპარეზობა ადრეულ ეტაპზე დაასრულეს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ ეთერში ჩვენებას პირველი არხი უზრუნველყოფს.