გიორგი რურუას საქმე

გიორგი რურუას ბრალდების საქმეზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე ბექა მახარაძე დაიკითხა. მან სასამართლო პროცესზე თქვა, რომ რურუას იარაღი თავად ამოუღო.

ბექა მახარაძე სამართალდამცველია, რომელიც რურუას დაკავებასა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილეობდა. მისი განმარტებით, იარაღთან დაკავშირებით არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა რურუას ავტომობილი გააჩერეს. მოწმის თქმით, რურუას იარაღი ქურთუკის შიგნით ჰქონდა.

პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ მისი ჩვენება ამტკიცებს სახელმწიფო ბრალდების პოზიციას. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ სწორედ ბექა მახარაძემ ჩაუდო გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი. ადვოკატების განცხადებით, გამოძიებას რურუას წინააღმდეგ მტკიცებულებები არ გააჩნია და მას იარაღი ჩაუდეს, რაც მის ანტისამთავრობო აქციებში მონაწილეობას უკავშირდება.

მოწმის დაკითხვის შემდეგ შენობის მიმდებარედ შეკრიბილებმა მის მიმართ პროტესტი გამოხატეს.

გიორგი რურუა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.