გიორგი ონიანის საქმე

პროკურატურას და მსჯავრდებულ გიორგი ონიანს შორის საპროცესო შეთანხმება მიღწეულია.

განცხადება ამის შესახებ დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ  პროკურორმა გააკეთა. მისი განცხადებით, გიორგი ონიანმა აღიარა წარდგენილი ბრალდება და პირველი ინსტანციის მიერ გასული წლის 7 ნოემბერს გამამტყუნებელ განაჩენში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს დაეთანხმა. შეთანხმების მიხედვით ონიანისთვის შეფარდებული 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთიდან, მსჯავრდებული ორს საპატიმრო დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 2 წელი და 6 თვე პირობითი მსჯავრი იქნება.

პოლიციის ერთ-ერთი სამმართველოს ყოფილ თანამშრომელს და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, გიორგი ონიანს პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გასული წლის ნოემბერში გამოუტანა. ის წარდგენილ ოთხივე მუხლში გაამტყუნეს. საუბარია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, პოლიტიკური ნიშნით დევნაზე, მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაზე. გამოძიების მტკიცებით ონიანმა დავით შათირიშვილის და ლევან მდინარაძის საქმე გააყალბა.

დღევანდელი პროცესი ნაწილობრივ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ვიდრე მსჯავრდებული სიტყვით გამოვიდოდა, მან სხდომის ნაწილობრივ დახურვა მოითხოვა, რაც მოსამართლემ გაიზიარა.