გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული გიორგი ოკმელაშვილის სხდომა 10 იანვრამდე გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე მხარეებს დასკვნითი სიტყვა უნდა წარმოეთქვათ. ადვოკატის განცხადებით, სასამართლო საქმის გაჭიანურებას ცდილობს. კობა ბარამიას განმარტებით, სახელმწიფო ცდილობს სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ვადებში განაჩენი არ დადგეს. ასევე სასამართლოს დაწყებამდე გიორგი ოკმელაშვილის მეგობრებმა და ახლობლებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. ისინი გიორგი ოკმელაშვილის გამართლებას ითხოვენ. შეგახსენებთ, გამოძიების ცნობით, სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ოკმელაშვილმა მიმდინარე წლის 13 მაისს, თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს. კერძოდ, აქციის მიმდინარეობისას, დაკავებულმა იდაყვისა და მუშტის დარტყმით პოლიციის თანამშრომლებს სახის არეში დაზიანებები მიაყენა.