გიორგი მინდაძეს ხუთწლიანი პატიმრობა შეეფარდა

ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა – ნოემბრის აქციების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ გიორგი მინდაძეს პატიმრობა მიესაჯა.

ბრალდება მინდაძეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლისთვის პიროტექნიკის სროლას ედავებოდა. საქმეში დევს ვიდეო მტკიცებულება და სამართალდამცველის ჩვენებაც, რომელმაც გიორგი მინდაძე ამოიცნო, თუმცა დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ ვიდეოში, სადაც კონკრეტული ადამიანი ფოიერვერკს ისვრის, მინდაძის იდენტიფიცირება არ ხდება, სპეცდანიშნულების რაზმის წევრი კი, ფარის უკან მინდაძეს ვერ ამოიცნობდა. განაჩენის გამოცხადებამდე საბოლოო სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. გიორგი მინდაძემ მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და პარტია „ლელოს“ მიმართა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. მოწოდებების  მიუხედავად ხმაური და დაპირისპირება მანდატურებსა და მხარდამჭერებს შორის არაერთხელ მოხდა.