გიორგი მარგველაშვილი ესტონეთის პრეზიდენტს შეხვდა

რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, ოკუპაცია, არაღიარების პოლიტიკა და ამ მიმართულებით ესტონეთის მხარდაჭერა განხილვის მთავარი საკითხები იყო საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტების გაფართოებული ფორმატის შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პრეზიდენტი კალიულაიდი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს ყველა შესაბამის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მკაფიოდ აჟღერებს.

საუბარი შეეხო ნატო-ს სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს. ქართულმა მხარემ ამ კონტექსტში ესტონეთის პრეზიდენტისგან რეკომენდაციები და თანადგომის დადასტურება კიდევ ერთხელ მოისმინა.

გაფართოებული ფორმატის შეხვედრამდე გიორგი მარგველაშვილს ესტონელმა კოლეგამ „კადრიორგის” სასახლეში პირადად უმასპინძლა. იმ მტკიცე და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც პირადად კერსტი კალიულაიდი ავლენს საქართველოს მიმართ, გიორგი მარგველაშვილმა კოლეგას მადლობა პირისპირ შეხვედრისას გადაუხადა.

პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის მეგობრულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. გიორგი მარგველაშვილი სამუშაო ვიზიტით ტალინსა და ტარტუში ესტონელი კოლეგის მიწვევით იმყოფება.

პრეზიდენტი და პირველი ლედი ესტონეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას, რომელსაც შვიდი ქვეყნის პირველი პირი დაესწრება.