გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს

IDFI-ს დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს და 5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მას შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთაველის გამზირზე გზის გადაკეტვას 4 ეპიზოდში ედავებოდა. როგორც კლდიაშვილმა განაცხადა, საპროტესტო აქციებზე თითქმის ყოველდღიურად დადის და სადაო დღეებში ხალხის რაოდენობა გზის გადაკეტვის ლეგიტიმურ საფუძველს იძლეოდა. ადვოკატი მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, კერძოდ 112-ის გარე სამეთვალყურეო კამერების კადრები მტკიცებულებებად არ უნდა ჩათვლილიყო. მისი თქმით, კადრების ნაწილში საერთოდ ვერ ხდებოდა კლდიაშვილის იდენტიფიცირება, ნაწილი კი ახლო ხედით იყო გადაღებული და ადგილმდებარეობის გარკვევა შეუძლებელი იყო. მანამდე ადვოკატმა ოთხი სხვადასხვა ეპიზოდის ერთ წარმოებად გაერთიანება მოითხოვა, შუამდგომლობა მოსამართლე ნინო ენუქიძემ დააკმაყოფილა. არ დაკმაყოფილდა კლდიაშვილის ადვოკატის მოთხოვნა კონკრეტული სამართალდამცველების გამოკითხვასთან დაკავშირებით.