გიორგი კანდელაკსა და კიდევ ექვს პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ გიორგი კანდელაკს, ბორია გოგიჩაიშვილს, ალექსანდრე კურტანიძეს, ქართლოს ჯალაბაძეს, ვახტანგ ბიბილაიშვილსა და თენგიზ გულორდავას ბრალი წარუდგინა. საუბარია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვებისა და შენახვის, ასევე სხვისი სასაქონლო ნიშნისა და რეგისტრირებული საფირმო სახელწოდების უკანონოდ გამოყენებით საქონლის წარმოების ფაქტებზე. შეგახსენებთ, რომ გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები წლების განმავლობაში გორში სისტემატურად ახორციელებდნენ ვისკისა და არაყის აქციზური მარკის გარეშე დამზადებასა და შენახვას, მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით. დამზადებული ალკოჰოლური სასმელების რეალიზაციის გასამარტივებლად და უფრო მეტი სარგებლის მისაღებად კი, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები იყენებდნენ სხვადასხვა ცნობილი უცხოური ბრენდების დასახელებას და სასაქონლო ნიშნებს. წარდგენილი ბრალი შვიდიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა შვიდივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგიზ გულორდავას ადვოკატის განცხადებით, დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს, ის სხვა ბრალდებულებს არ იცნობს და არალეგალურ ქარხანასთან კავშირი არ ჰქონია.