საქართველო საერთაშორისო გამოცემის ობიექტივში და სკანდალური ბრალდებები ქვეყნის წინააღმდეგ ვაშინგტონიდან – „ვაშინგტონ ფრი ბიკონში“ გამოქვეყნებული სტატია ჰადსონის ინსტიტუტში ოთხი დღის წინ გამართულ დისკუსიას ეყრდნობა. დისკუსიის მონაწილეებს შორის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი გიორგი კანდელაკი. სწორედ მისი თანაავტორობითაა მომზადებული მარტში ჰადსონის ინსტიტუტის კვლევა, რომელშიც საქართველოში ირანული გავლენების ზრდაზე საუბრობენ. ამერიკული გამოცემის მიხედვით, ირანის წინააღმდეგ ამერიკა-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დროს საქართველო ირანს ეხმარებოდა. სტატიაშია გამოყენებულია დისკუსიის კიდევ ერთი მონაწილის და საქართველოს ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამორჩეული ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის განცხადებებიც, რომელიც ხშირად საუბრობს საქართველოში ჩინური და ირანული ინტერესების გატარებაზე. თუმცა ჩინეთში ამერიკის პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ ამჯერად აქცენტს მხოლოდ ირანზე აკეთებს. ტერორიზმის ხელშესაწყობად ქართველი სადაზვერვო აქტივისტების დაქირავება, სანქციების გვერდის ავლაში დახმარება, ალ მუსტაფას უნივერსიტეტის ქართული ფილიალების ამერიკის წინააღმდეგ ოპერაციების დასაგეგმად გამოყენება – ეს ნაწილია იმ ბრალდებების, რომლებიც, მათ შორის კანდელაკმა, ვაშინგტონში გამართული დისკუსიის დროს გააჟღერა. დისკუსიის მონაწილეთა საერთო გზავნილი იყო, რომ ოფიციალური თბილისის პოლიტიკა ამერიკის ინტერესებს და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. საკმაოდ მძიმეა ოფიციალური თბილისის რეაქცია.