გიორგი გვიმრაძემ ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტება გააკეთა

პირველი არხის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ განმარტება გააკეთა ზვიად კუპრავას მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით.

გიორგი გვიმრაძის განცხადებით, სამი ღამეა, პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტები სპეციალურ რეჟიმში მუშაობენ და ასრულებენ თავიანთ საქმეს პროფესიონალურად.

„ყველა ის ადამიანი რომელიც ამ ნიუსრუმშია შეკრებილი და ემსახურება, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდება რუსთველზე, ვიზიარებთ სარალიძეებისა და დადუნაშვილების ოჯახების ტრაგედიას და ვუერთდებით ამ ტკივილს. საწყენია, როცა ზვიად კუპრავა აკეთებს იმ განცხადებებს, რასაც აკეთებს. გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს არის მაუწყებლის საფუძვლიანი დისკრედიტაცია, რადგან ახლაც ვნახეთ, რომ როცა ჩვენი ჟურნალისტი ცდილობდა გაერკვია, რაში იყო საქმე, მას არ მიეცა საშუალება, კუპრავამ არ გასცა პასუხი და არც ახლა ეძლევა საშუალება, გაესაუბროს სარალიძეს, რომ დავადგინოთ, რასთან გვაქვს საქმე.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ამ წუთის მონაცემებით, არ არსებობს არანაირი ფილმი გამზადებული, რომელიც არის, როგორც კუპრავამ თქვა, არის დაბლოკილი საზოგადოებრივ მაუწყებელზე და საზოგადოებრივი მაუწყებელი თითქოს არ უშვებს ამ ფილმს და ითხოვს ზაზა სარალიძისგან, რომ ის მოვიდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში და გააკეთოს გარკვეული კომენტარი და ამის შემდეგ მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ფილმის გაშვება.

მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, არ აქვს და არც ექნება, საზოგადოებივი მაუწყებელი არ აყენებს არანაირ ულტიმატუმს არავის მიმართ იმისთვის, რომ რაიმე პროდუქტი განათავსოს საკუთარ ეთერში.

შესაბამისად, სანამ არ არსებობს ფილმი, შეუძლებელია, ვისაუბროთ იმაზე, რომ საზოგადობრივი მაუწყებელი არ ათავსებს მას საკუთარ ეთერში.

მე არ ვიცი, ამას რა ვუწოდო, ფაქტია, რომ სიცრუეა, თუმცა მიზანმიმართული ეს თუ რამე შეეშალა ზვიად კუპრავას, თავად უნდა განაცხადოს მან და თავად უნდა გააკეთოს მსგავსი განმარტება. ერთი რამ ცხადია, ამ ფაქტს არ ჰქონია ადგილი, ჩვენი კორესპონდენტები მუშაობენ თითქმის 24 საათის განმავლობაში ადგილზე და როგორც კი მიეცემათ მათ საშუალება, რომ გადაამოწმონ და დააზუსტონ ინფორმაცია თვითონ ზაზა სარალიძესთან ეს ფაქტი, აუცილებლად გვეცოდინება, ზუსტად რაზე იყო საუბარი, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, არანაირი ულტიმატუმი ფილმის გაშვებაზე, იმ ფილმის, რომელიც მზად არ არის და როდის იქნება მზად ამას სჭირდება ის, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი“, – აცხადებს გიორგი გვიმრაძე.

გვიმრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ზვიად სარალიძე ითანამშრომლებს პირველი არხის ჟურნალისტებთან.

„აუცილებლად გვეცოდინება, ზუსტად რაზე იყო საუბარი, მაგრამ ამ წუთის მონაცემებით, არანაირი ულტიმატუმი ფილმის გაშვებაზე, იმ ფილმის, რომელიც მზად არ არის და როდის იქნება მზად ამას სჭირდება ის, თუ როგორ წარიმართება ეს პროცესი, როგორ წარიმართება მომზადების პროცესი. მომზადების პროცესს მინდა ხაზი გავუსვა, იქიდან გამომდინარე, რომ რადგან მომზადების პროცესშია, ეს იმას ნიშნავს, რომ ის მზად არ არის და ვერ იქნებოდა ვერც ერთი კვირის წინ და ვერ იქნებოდა, ვერც ოცი დღის წინ, როგორც ეს ზვიად კუპრავამ განაცხადა და კიდევ უფრო დიდი ხნის წინ მით უმეტეს ვერ იქნებოდა ის მზად.

აქედან გამომდინარე, დაველოდოთ, თუ რას განაცხადებს ზაზა სარალიძე, იმედი გვაქვს, რომ ის ითანამშრომლებს ჩვენს კორესპონდენტებთან, რომელთაც ხელში უჭირავთ მიკროფონი, რომლითაც ისინი იდენტიფიცირებადები არიან, რომ პირველი არხის წარმომადგენლები არიან. რადგან შესაძლოა, ვინმე სხვას ჰქონდა მასთან კომუნიკაცია, მე ეს ნამდვილად არ ვიცი. მაგრამ ის ადამიანები, რომელთაც ხელში უჭირავთ ჩვენი მიკროფონები, რომლებიც იდენტიფიცირებადი არიან, რომ არიან ჩვენი თანამშრომლები, ისინი ცდილობენ ამ წუთას ურთიერთობას, ცდილობენ ამ წუთას კომენტარის აღებას ზუსტად იქ, სადაც ამ წუთას იმყოფება ზაზა სარალიძე და არა ჩვენს ორგანიზაციაში. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, არავის უთქვამს, რომ ის უნდა მობრძანდეს ჩვენთან და მხოლოდ აქ ავიღებთ კომენტარს, ჩვენ იქ ვცდილობთ, რომ მისგან ავიღოთ კომენტარი, ჩვენ იმ ადგილას გვინდა ამის გაკეთება და არა სხვაგან“, – აღნიშნა გიორგი გვიმრაძემ.