გიორგი გეთაშვილის ოჯახმა ბრიფინგი გამართა

დავით მუმლაძის თავისუფლების აღკვეთის და მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი გეთაშვილის ოჯახმა დღეს ბრიფინგი გამართა. გეთაშვილის მეუღლე ლელა გეთაშვილი აცხადებს, რომ საქმეში იკვეთება საეჭვო გარემოებები. მისივე თქმით, მისი მეუღლე დავით მუმლაძის გაუჩინარებიდან რამდენიმე დღის შემდეგ შსს-ში მივიდა მის მეგობართან, რომელიც ერთ-ერთი მოქმედი მაღალჩინოსანია და გარდაცვლილის გაუჩინარების შესახებ შეატყობინა, თუმცა, მოქმედმა მაღალჩინოსანმა მას ურჩია, გაჩუმებულიყო.

დაკავებული პოლიციელების მიერ მიცემულ ჩვენებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ სწორედ გეთაშვილმა გაიყვანა მოტყუებით დავით მუმლაძე სახლიდან, დაკავებულის მეუღლე არ ეთანხმება და აცხადებს, რომ თავად გარდაცვლილმა სთხოვა მას შეხვედრა, შემდეგ კი მუქარით, სამმა პოლიციელმა მუმლაძე მისი მანქანიდან გაიტაცეს.

რაიმე სახის დანაშაულში მონაწილობას გამორიცხავს დავით მუმლაძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სოსო ხარატიშვილი. მისი თქმით, საქმეში გიორგი ასათიანის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს და დანაშაულის დღეს საქმეში მონაწილე პირებს ერთმანეთი არ უნახავთ. ადვოკატს უჭირს იმ მიზეზებზე საუბარი თუ რატომ დაასახელეს საქმის ფიგურანტმა პოლიციელებმა გიორგი ასათიანი საკუთარ ჩვენებებში.