გიორგი გახარიას პარტია ხვალ დაფუძნდება 

გადამდგარი პრემიერ-მინისტრი ხვალ პირველად იტყვის, რა გეგმით მოდის პოლიტიკაში.

„საქართველოსთვის“, – ასე ერქმევა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პარტიას, რომლის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ნიკა მელიას საქმის გამო მთავრობის მეთაურის პოსტიდან სამი თვის წინ წასული ექს-პრემიერი საკუთარ გუნდს წარადგენს, თუმცა ერთი დღით ადრე ირკვევა მისი კიდევ ორი თანაგუნდელის ვინაობა – ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი, ლევან დოლიძე და ეკონომიკურ საკითხებში ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი და ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი. ხვალ მთავრობის ექს-მეთაური, სავარაუდოდ, უფრო ვრცლად ისაუბრებს მისი გადადგომის მიზეზებზე და იმ გარემოებებზე, რამაც მისი და „ქართული ოცნების“ გზები გაყო. მანამდე კი პოლიტიკაში და მოახლოებულ არჩევნებზე მის შანსსა და პერსპექტივაზე ყოფილი თანაგუნდელები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები საუბრობენ.