გიორგი გახარიას გუნდის განცხადება

პარტია „საქართველოსთვის“ ზუგდიდში „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს. პარტიის პოლიტსაბჭოს წევრის, გიგა ფარულავას განცხადებით, სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მაჟორიტარულ უბანზე მათი პარტიის კანდიდატმა, ზეწოლის შედეგად კანდიდატურა მოხსნა.

გიგა ფარულავა ასევე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ კვოტით ადგილობრივ საუბნო კომისიაში წევრებად მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ნიშნავენ. პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრი აცხადებს, რომ ფაქტების შესახებ ისინი ინფორმაციას მიაწვდიან ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს.

პარტია „საქართველოსთვის“ მიერ გაკეთებულ განცხადებას, სენაკის 64-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში არ ადასტურებენ. კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოფიციალურად ჯერ არცერთი კანდიდატია რეგისტრირებული და, შესაბამისად, კანდიდატურის მოხსნის შესახებ კომისიისთვის განცხადებით არავის მიუმართავს.