გიორგი გახარიას 20 ივნისის საქმეზეც პატიმრობა შეეფარდა - გამოხმაურება

ყოფილი პრემიერ-მინისტრი სისხლის სამართლის ორ საქმეზეა ბრალდებული, გიორგი გახარიას გუშინ, 13 ნოემბერს სისხლის სამართლის მეორე საქმეზეც პატიმრობა შეეფარდა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ისევე, როგორც ჩორჩანას ეპიზოდზე, 20 ივნისის საქმეზეც მოსამართლემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა გამოიყენა. სასამართლო პროცესები რამდენიმე საათის შუალედით გაიმართა. პატიმრობა შეფარდებულია დაუსწრებლად, რადგან გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება. ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი ორი დღის წინ წარუდგინა. გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შურისძიებას ცდილობს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით წარედგინა, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თავად გიორგი გახარია მისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს გერმანიიდან ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ „საქართველოს დემოკრატიულმა ძალებმა, ასევე, დასავლეთმა ერთობლივად წააგეს ბრძოლა პროპაგანდის წინააღმდეგ. ასევე, მისი თქმით, „ქართული ოცნების“ რეჟიმმა ოფიციალურად ინსტიტუციონალიზაცია გაუკეთა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ დევნას. როგორც გიორგი გახარია წერს, ბრძოლა ახლა ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას მოითხოვს და გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ასევე, პარლამენტში შესვლის შესახებ, იყო ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე“.