პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფება. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს პროკურატურაში დაუდასტურეს.
გიორგი გახარიას გამოკითხვა, სავარაუდოდ, 15 იანვარს „შერატონ ბათუმში“ მომხდარ თავდასხმას უკავშირდება. ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრები „ქართული ოცნების“ წევრ დეპუტატ დიმიტრი სამხარაძეს გიორგი გახარიაზე თავდასხმაში ადანაშაულებენ. მომხდარზე ვიდეომასალა გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“. მასალა ორი ნაწილისგან შედგება და სრულად არ ასახავს მომხდარს. პარტია „საქართველოსთვის“ წევრებმა სასტუმროს კამერების ჩანაწერები მოითხოვეს. ჩანაწერები ამოღებული აქვს გამოძიებას. პროკურატურაში გიორგი გახარიას მისვლაზე განცხადება გააკეთა მამუკა მდინარაძემ.