გიორგი გახარია დაცვის პოლიციას ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი დაცვის პოლიციას ეწვია, სისტემური განახლების ფარგლებში მიმდინარე და დასრულებული პროექტები დაათვალიერა, სამომავლო გეგმებს გაეცნო და თანამშრომლებს გაესაუბრა. გიორგი გახარიამ განახლებული ავტოპარკი დაათვალიერა. „ფორდ ტრანზიტის“ მარკის დაჯავშნული 15 ავტომანქანა, 50 „სედანის“ ტიპისა და 10 მაღალი გამავლობის ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულებული მონაცემთა დამუშავების ცენტრიც მოინახულა, რომელიც დაცული ობიექტებიდან განგაშის ოპერატიულად მიღებისა და რეაგირებისთვის ყველა შესაბამის სტანდარტს აკმაყოფილებს. აჭარის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის პოლიციის სამმართველოებში დამონტაჟდა ახალი სადისპეტჩერო სადგურები და სერვერი, განახლდა პროგრამული უზრუნველყოფა და კომპიუტერული აპარატურა.