გიორგი დავითაძის საქმე – პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურამ რუსთავის ნომერ მეექვსე საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო სექსუალური ძალადობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიება დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ დაწესებულების დეესკალაციის ოთახში გიორგი დავითაძის შემოწმების პროცესში, მის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა ათეულობით მოწმე, მათ შორის ამავე დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები, ჩატარდა საექსპერტო კვლევები, დამუშავდა და გაანალიზდა ათეულობით საათის ვიდეოჩანაწერი და განხორციელდა არაერთი საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება.
„დეესკალაციის ოთახში გადაყვანის შემდეგ, გიორგი დავითაძის პირადი შემოწმების მიზნით, კანონის მოთხოვნების დაცვით, მის მიმართ გამოყენებული იქნა იძულების პროპორციული ზომა. კერძოდ, დაწესებულების სამმა თანამშრომელმა განახორციელა მსჯავრდებულის გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა გიორგი დავითაძეს ჩაუტარა პირადი შემოწმება, სხეულზე გარედან ზედაპირული შეხების გზით. შემოწმების პროცესში, ასევე გამოყენებული იქნა მეტალოდეტექტორიც. შემოწმების პროცესში, გიორგი დავითაძის მიმართ რაიმე სახის ძალადობას და დანაშაულებრივ ქმედებას ადგილი არ ჰქონია.
2025 წლის 26 დეკემბერს, გიორგი დავითაძის დეესკალაციის ოთახში გადაყვანისა და მისი პირადი შემოწმებიდან ხუთი დღის შემდეგ, ნომერ მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებაში შესულ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელთან გასაუბრებისას, გიორგი დავითაძეს მისი გაუპატიურების ფაქტი არ უხსენებია, განმარტა, რომ დაწესებულების ერთ-ერთი თანამშრომელი, ვინმე ,,კვარა” მას გაუპატიურებით დაემუქრა და სამედიცინო ხელთათმანით ხელი შარვალში ჩაუცურა. ასევე განმარტა, რომ დაწესებულების თანამშრომლები სისტემატურად აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. საქმეზე მოპოვებული და განხილული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ გიორგი დავითაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. იგი არსებით წინააღმდეგობაში მოდის საქმეზე შეკრებილ უტყუარ მტკიცებულებებთან, რის გამოც, 2026 წლის ცხრა ოქტომბერს, დანაშაულის არარსებობის გამო, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.