გიორგი ჩიკვაიძისა და ირაკლი პაპიაშვილის სასამართლო სხდომა ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, 17 აპრილამდე გადაიდო. დღევანდელ პროცესს მხოლოდ ირაკლი პაპიაშვილი ესწრება. როგორც პენიტენციური სამსახურიდან წარმოდგენილ ოქმში იყო მითითებული, ჩიკვაიძის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი ტრანსპორტირება რეკომენდებული არ არის.
ადვოკატები სხდომის ერთი თვით გადადებას ითხოვდნენ, პროკურატურამ კი პროცესების პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარების შუამდგომლობა დააყენა. მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და პროცესი გადადო. ადვოკატების თქმით, შემდგომ სხდომაზე სასამართლოს ჩვენებას მისცემენ ბრალდებულები. გიორგი ჩიკვაიძეს და ირაკლი პაპიაშვილს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას ედავებიან. ბრალდება 7-დან 11- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.