გიორგი ბარამიძის განცხადება – შეფასებები

18:03, 09.08.2026

გიორგი ბარამიძე საკუთარ განცხადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ აფხაზეთის ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ. საზოგადოების მწვავე რეაქციის შემდეგ, ბარამიძემ განმარტება რამდენჯერმე გააკეთა, თუმცა ნათქვამს სრულად არ უარყოფს. ამჯერად „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სოციალურ ქსელში წერს: „უკვე ბევრჯერ ვთქვი საჯაროდ, რომ ჯობდა ამ სიტყვის ნაცვლად, სხვა სიტყვა გამომეყენებინა, რითაც უფრო ზუსტად აღვწერდი იმას, რაც რეალურად ხდებოდა, კერძოდ ომი იყო და გახურებული ომის პირველ პერიოდში არც დისციპლინა იყო და არც ბევრი სხვა რამ. დედა, მამა, ან შვილმოკლულმა გამწარებულმა მებრძოლმა, რომ ბრძოლისას არავინ დაინდოს და მტერს ესროლოს, დაცხრილოს, დახვრიტოს, რა გასაკვირია. ომია და მას ომის სასტიკი კანონები აქვს, რატომაც არ გვინდა ომი“, – წერს ბარამიძე. მისი განმარტებები მისაღებია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის. ისინი თანაგუნდელს მხარდაჭერას უცხადებენ. სხვაგვარად ფიქრობს უმრავლესობა და ოპოზიციის ნაწილი, – ისინი დანაშაულის ნიშნებს ხედავენ.

მსგავსი