გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოკითხვები პროკურატურაში
როგორ ხდებოდა ტყვეთა გაცვლა აფხაზეთის ომის დროს და რა მიზანს ემსახურებოდა გია ბარამიძის ბრალდებები ქართველი მეომრების წინააღმდეგ – პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება.
სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში კითხვებს უკვე აფხაზეთის ომის მონაწილე არაერთმა ვეტერანმა და ყოფილმა მაღალჩინოსანმა უპასუხა. მათ შორის გამოკითხეს ისინიც, ვინც ტყვეთა გაცვლის პროცესში უშუალო მონაწილეობდა და კონფლიქტს აშუქებდა. ყველა მათგანი ქართველი მეომრების ომის უმძიმეს დანაშაულთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების მაღალჩინოსნის განცხადებას მიზანმიმართულ პროვოკაციად აფასებს. მთავარი მოთხოვნა ბოდიშის მოხდაა. რეზონანსული განცხადების ავტორის არაერთი განმარტების მიუხედავად, მმართველი პარტია და ოპოზიციის უმრავლესობა გია ბარამიძის ნათქვამს ეროვნული ინტერესების საზიანოდ აცხადებს და ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების გაუარესების გამიზნულ მცდელობაზე მიუთითებს. ერთადერთი პარტია, სადაც გია ბარამიძის ახსნა-განმარტება სრულებით საკმარისად მიაჩნიათ, „ნაციონალური მოძრაობაა“.