გიორგი ბარამიძის განცხადება – გამოძიება პროკურატურაში
სახელმწიფო ღალატის და საბოტაჟის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები ხვალ გაგრძელდება. გუშინ მთელი დღის განმავლობაში გამომძიებლების კითხვებს მოწმეები პასუხობდნენ, მათ შორის იყო ვეტერანთა საქმის სახელმწიფო სამსახურის უფროსი. სწორედ კობა კობალაძის მიმართვა დაედო საფუძვლად გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას. საქმე ეხება ნაციონალური მოძრაობის წევრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, სადაც მან ქართველ მეომრებს ტყვეების დახვრეტაში დასდო ბრალი, მათი ქმედებები რუსული დისციპლინის გავლენით ახსნა და განსაკუთრებით ვეტერანები გააღიზიანა. გამოკითხულმა მოწმეებმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსანი სიცრუეში დაადანაშაულეს, მის განცხადებას მიზანმიმართული პროვოკაცია უწოდეს და ბოდიშის მოხდა მოითხოვეს. თუმცა თავად ბარამიძე თვლის, რომ კონტექსტი დაუმახინჯეს და მის წინააღმდეგ საქმეში რეალურად პოლიტიკური მოტივები დევს.