გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

დახურულ სხდომაზე სასამართლოს წინაშე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა დაიკითხა. სასამართლოს წინაშე ასევე დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტი. ექსპერტმა იმ აუდიო ჩანაწერზე ისაუბრა, რომელიც საქმეშია წარდგენილი და რომელზეც ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ამ ჩანაწერში მასა და ბიძინა ივანიშვილის შორის შემდგარი საუბარია ასახული. ექსპერტის თქმით, წარდგენილ ჩანაწერზე მონტაჟის და მანიპულაციის კვალია. დღესვე პროცესზე ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტორი გიორგი ჩალაძე დაიკითხა. სხდომას ესწრებოდა ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილიც. გიორგი ბაშიაჩვილისთვის წარდგენილი ბრალდება 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა ინვესტორს ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი 8986 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულებაც მისი მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. გიორგი ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.