გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლოში „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი გენერალური დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმე ეხება ბაჩიაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეს. დღევანდელ პროცესზე ადვოკატები დასკვნით სიტყვას იტყვიან, პროცესზე არსებული ინფორმაციით, დასკვნითი სიტყვით ისარგებლებს გიორგი ბაჩიაშვილი. არ არის გამორიცხული აღნიშნულ საქმეზე განაჩენი ჯვებე ნაჭყებიამ დღესვე გამოაცხადოს. პროცესს ესწრება როგორც გიორგი ბაჩიაშვილი, ასევე მისთვის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე ბრალდებული შოთა ქარუმიძე. ადვოკატმა ჟურნალისტებთან ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ დაწყებულ სისხლის სამართლებრივ დევნაზეც ისაუბრა. ლევან მახარაშვილის თქმით, მშობლების საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება უსაფუძვლოა. გიორგი ბაჩიაშვილმა ქვეყანა იქამდე დატოვა, ვიდრე მას „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე, 11 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიდნენ. პროკურატურამ გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინა. რაც შეეხება ქარუმიძეს, მას ბრალდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დახმარების მუხლით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.