გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია პაატა სილაგაძის თავმჯდომარეობით, ხვალ 12 საათზე გამოაცხადებს.
მანამდე კი დღევანდელ პროცესზე მხარეებმა სასამართლოს დასკვნითი სიტყვით მიმართეს. საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა თავად მსჯავრდადებულმა გიორგი ბაჩიაშვილმაც, რომელმაც აღნიშნა, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მის მიმართ მიზანმიმართული პოლიტიკური დევნა ხორციელდება. პროკურორის შეფასებით კი, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება რომ გიორგი ბაჩიაშვილმა დანაშაული ჩაიდინა. საპირისპიროს ამტკიცებს დაცვის მხარე. შეგახსენებთ, რომ პროკურატურა თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი თანხის მითვისებას ედავებოდა. გამოძიების თქმით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა – ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა, ინვესტორს კი კუთვნილი თანხა არ გადასცა.
გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.