გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო

ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვა. ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა: „უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ. საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან. შესაბამისად, ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამედ ერთადერთი საღი გამოსავალია. ჩემ წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული და კანონთან შეუსაბამო პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემი უსაფრთხოების მიმართ რეალური საფრთხეების შესახებ – საფრთხეების, რომელსაც დღევანდელ საქართველოში, შეიძლება, სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში, სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტა შემომითვალა. ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამედ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში ჩემი გარეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება.“- წერს ბაჩიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში ორ საქმეზეა ბრალდებული. ერთი ეხება ბიტკოინის მართლსაწინააღმდეგო მითვისებას, მეორე კი – „მტკვარი ჰესის“ საქმეს. ორივე საქმეზე მას აღმკვეთი ღონისძიების სახედ გირაო აქვს შეფარდებული. ასევე ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და ეკრძალებოდა ქვეყნის დატოვება. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეტალებით არ დაინტერესებულა და არ იცის, რომელ ქვეყანაში იმყოფება. მისივე თქმით, ბაჩიაშვილი თანახმაა, რომ ჩვენება დისტანციურად მისცეს. ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე მორიგი სხდომა დღეს იმართება. პროცესი დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება. დღეს ის გერმანელი ექსპერტი დაიკითხება, რომელმაც აუდიოჩანაწერზე დაცვის მხარის მიერ დანიშნულ ექსპერტიზაზე დასკვნა მოამზადა.